(ACCnews) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის კომენტარს არ გააკეთებს საკითხზე, არის თუ არა ხერსონიდან რუსული ჯარების უკან დახევა ვლადიმერ პუტინისთვის დამამცირებელი.
ჟურნალისტმა პესკოვს ბრიფინგზე კითხვა დაუსვა: „შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ ექსპერტების განცხადებებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ხერსონიდან უკან დახევა დიდი დარტყმაა ვლადიმერ პუტინის პრესტიჟისთვის, მისთვის დამამცირებელიც კი, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა კრემლში ცერემონიაზე განაცხადა, რომ ხერსონი და რუსეთი სამუდამოდ ერთად იქნებიან?
“მისმინეთ, ბევრი სხვადასხვა ექსპერტია. არიან ექსპერტები, რომლებიც ამბობენ ისე, როგორც თქვენ ამბობთ, არიან ექსპერტები, რომლებიც სხვაგვარად ამბობენ. ჩვენ არ გვინდა კომენტარის გაკეთება არც ერთზე და არც მეორეზე. სპეცოპერაცია გრძელდება.” – განაცხადა პესკოვმა.
ჟურნალისტმა ასევე იკითხა, ნანობს თუ არა კრემლი, რომ ხერსონის „ანექსიის“ პატივსაცემად ასეთი პომპეზური ცერემონია გამართეს. პესკოვმა უპასუხა, რომ არ ნანობენ.