(ACCnews) “ნამდვილად ისტორიული ვიზიტია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში, ამ ვიზიტის მთავარი შედეგი არის ჩვენი კიდევ უფრო გაძლიერებული და გაღრმავებული ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ყოველთვის ვამბობთ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამას მოწმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი საუდის არაბეთში.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, ვიზიტს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დატვირთვა.
„ორმხრივი შეხვედრის დროს ტახტის მემკვიდრესთან პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვა. ჩვენ ამ შეხვედრების ფარგლებში შევეცადეთ, განგვესაზღვრა ყველა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც არის ინტერესი ორი ქვეყნის.
ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას. შესაბამისმა სამინისტროებმა მივიღეთ დავალება, რომ აქტიურად გავაგრძელოთ კოორდინაცია, იმ შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომელიც ორ ქვეყანას აქვს სხვადასხვა სფეროში. ეს იქნება ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი და სხვა.
ჩვენც, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩავერთვებით ამ პროცესში და შევუწყობთ ხელს მჭიდრო კოორდინაციას იმისთვის, რომ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც განსაზღვრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა, ძალიან დროულად მოხდეს რეალიზება და ძალიან დროულად იგრძნოს ორივე ქვეყანამ ამ თანამშრომლობის შედეგები“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.