შაბათი, დეკემბერი 3, 2022

“აშშ-ს ამ ომის 2 კვირაში დამთავრება შეუძლია” – გენერალი ტერასი უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაზე

მთავარი

რადიო თავისუფლება

ავტორი: ვაჟა თავბერიძე

“უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება იმუშავებს, მაგრამ არა ისე, როგორც რუსებმა ჩაიფიქრეს. ამას ნამდვილად ექნება გავლენა უკრაინელების საბრძოლო შემართებაზე – უფრო მეტად შესძულდებათ რუსები“- ეუბნება გენერალი და ევროპარლამენტარი, რიჰო ტერასი რადიო თავისუფლებას. ესტონელი გენერალი და ქვეყნის შეარაღებული ძალების მეთაური 2011-2018 წლებში ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში რუსეთის სტრატეგიულ და ტაქტიკურ შეცდომებს განიხილავს, ასევე ხსნის, თუ რატომ იყო მოულოდნელი დასავლეთისთვის კიევის შემართება: „ბაიდენის ადმინისტრაციას ერჩივნა, უკრაინაში 2008 წლის საქართველოს სცენარი განვითარებულიყო, ეს მათთვის იდეალური სცენარი იქნებოდა – პატარა ომი, არც თუ ისე დიდი მსხვერპლი. მთავრობა იცვლება. ახალი მთავრობა ისევ ამბობს „კარგ რამეებს“- ამბობენ, რომ უნდათ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა, მიდიან ბრიუსელსა და სტრასბურგში, სოლიდურად, კოხტა კოსტუმებში გამოწყობილები, მაგრამ ამავდროულად არაფერს აკეთებენ ამისთვის, რუსეთთან თანამშრომლობა ურჩევნიათ“ – ამბობს გენერალი ტერასი ვრცელ ინტერვიუში.

რადიო თავისუფლება: პოლონეთის ინციდენტით დავიწყოთ – თქვენი აზრი მაინტერესებს, მაინც რა მოხდა იქ, ან უფრო – რა ხდება, იმიტომ რომ როგორც ჩანს უკრაინა ოფიციალურ ნარატივს არ ეთანხმება – რომლის მიხედვითაც პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვას ეკუთვნის…

გენ. რიჰო ტერასი: პირველი, რაც უნდა ვთქვა, არის ის, რომ ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ჭურვი ისროლეს. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა პოლონეთში – ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ორი აფეთქება იყო, ახლა ამბობენ – ერთიო… S300 რაკეტა მიწაზე დასაცემად არაა გათვლილი და არც საკმარისი აფეთქების ძალა აქვს, იმიტომ რომ სხვაგავარად არის მოწყობილი, ვიდრე ჰაერი-მიწის კლასის რაკეტები. მეორე მხრივ, თუ მართლაც იპოვნეს რაკეტის ნარჩენები, ამის მიხედვით შესაძლებელი უნდა იყოს მათი ამოცნობა. მაინტერესებს, რატომ არ უშვებენ პოლონელები უკრაინელებს ინციდენტის ადგილზე, რატომ არ სურთ საერთო გამოძიების ჩატარება? მაგრამ, რაც უნდა მომხდარიყო, საერთო სურათი მაინც არ იცვლება. ეს არ იყო რუსეთის მიერ იერიშის მიტანა პოლონეთზე, ნატოს ტერიტორიაზე, რაც ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის ამოქმედებას გამოიწვევდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ „ნატოს მიწის თითოეულ გოჯს დაიცავდა“. როგორც ვნახეთ, პოლონეთმა არც ნატოს ქარტიის მეოთხე მუხლი გამოიყენა. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრიდანაც განსაკუთრებულად მკვეთრი განცხადებები ვერ მოვისმინეთ. სტოლტენბერგმა საერთოდ გამოგვიცხადა, ყველაფერი რიგზეაო – რუსეთი ისევ ცუდია, უკრაინას კი ისევ უნდა დავეხმაროთ.

რადიო თავისუფლება: რიგზეა კი ყველაფერი? განსაკუთრებით ამ ინციდენტის შემდეგ? მეტ წუხილს ხომ არ უნდა იწვევდეს ეს დასავლეთში?

გენ. რიჰო ტერასი: ნატოს საზღვრებთან ომია გაჩაღებული – მსგავსი ინციდენტების ალბათობა ყოველთვის იარსებებს. საერთო ჯამში, ვფიქრობ ეს ყველაფერი იმას მოიტანს, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტად დაეხმარებიან. გუშინწინ რამშტაინის შეხვედრაზეც ვნახეთ, რომ ქვეყნები მზად არიან, უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაზარდონ. იმედია, ასეც იქნება, ჩემი გადმოსახედიდან, ჯერ კიდევ საკმაო დახმარებას არ ვუწევთ უკრაინას, თავიდანვე მეტი უნდა გაგვეკეთებინა. ომი როცა დაიწყო, მე და სხვა გენერლებმა, მათ შორის ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა, ღია წერილი მივწერეთ ნატოს, მოვუწოდებდით, რომ გვჭირდებოდა უკრაინის ცის გაკონტროლება. ნატოში ჩვენს ამ მოწოდებას არ დაეთანხმნენ. მნიშვნელობა არ აქვს, ნატო გააკეთებს ამას თუ ნატოს წევრი ცალკეული სახელმწიფოები – უკრაინის ცის კონტროლი მაინც საჭიროა.

რადიო თავისუფლება: ბაიდენის იმ განცხადებაზე ჩაგეძიებით – ნატოს მიწის თითოეული გოჯის დაცვაზე. დასავლელი ლიდერების უმეტესობამ, პოლონეთის ინციდენტზე კომენტარის გაკეთებისას, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დამნაშავე მაინც რუსეთია, აი, თუნდაც იტალიის პრემიერის ციტატა ავიღოთ: „თითქმის არაფერს ცვლის, თუკი რუსეთს არ გაუსვრია”. ამ ყველაფრის ფონზე, ამ ინციდენტის უბედურ შემთხვევად მონათვლა ხომ არ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დასავლეთის წითელი ხაზები, ასე ვთქვათ, ქვიშაშია გახაზული?

გენ. რიჰო ტერასი: არა, ვერ დაგეთანხმებით, მე ასე არ ვხედავ ამას. როგორც აღვნიშნე, ამას იერიშს ვერ დავარქმევთ. თუმცა, მიხარია, რომ იტალიის პრემიერმა, რომლის მიმართაც თავიდან ბევრი უნდობლობას იჩენდა, ასე მტკიცედ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, საკუთარი მხარდაჭერა უკრაინისადმი. ნატოს დანარჩენი ქვეყნებიც ერთად ვდგავართ, გარდა უნგრეთისა და თურქეთისა, რომლებიც საკუთარ თამაშს თამაშობენ. უკრაინის მხარდაჭერა იზრდება, თუმცა, ჩემთვის პირადად არასაკმარისი ტემპით… ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, რომ უნდოდეს, აშშ-ს ამ ომის 2 კვირაში დამთავრება შეუძლია… რუსეთში გაიძახიან, ნატომ გამოგვიცხადა ომიო, არადა, ნატო ჯერ არც „გამოცხადებულა“ ბრძოლის ველზე და ისინი კი უკვე აგებენ. ვფიქრობ F-35-ების [ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი – რ.თ.] რამდენიმე ესკადრილია დაასრულებდა ამ ომს. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ბირთვული ასპექტიც, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში არავინაა, ვინც რუსეთის მიერ ბირთვული ბომბის გამოყენებით იხეირებდა, ჩინეთიც კი. ჩინეთისთვის დღევანდელი სიტუაცია იდეალურია, ისინი ამ ომზე ხელს ითბობენ, მაგრამ ამ ომის ბირთვულ სიბრტყეში გადასვლა ჩინეთს არ აწყობს, რადგან ერთადერთი განზომილება, სადაც დღეს ჩინეთი მსოფლიო ძალა არ არის, ეს სწორედ ბირთვული არსენალია. ჩინეთს სულაც არ სურს „პატარა ძმად“ იგრძნოს თავი, რუსეთს კი ჩინეთი სჭირდება, თუ მოკავშირედ არა, მოწინააღმდეგედ მაინც არ უნდა იქცეს პეკინი მოსკოვისთვის. ასე რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთმა არავის მხარე არ დაიჭიროს, შესაბამისად ბირთვული კონფლიქტი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა დარწმუნებითაც ვერაფერს გამოვრიცხავთ რუსეთის ამ შეშლილი მთავრობის პირობებში.

მეტი:   "საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება" - ემანუელ მაკრონი

რადიო თავისუფლება: ასეთი ფრაზა „დადიოდა“ ტვიტერზე: „ნატო ორი ფერმერისთვის მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებს“. მესმის, რომ ეს ცინიზმია, მაგრამ ისმის კითხვა – რა უნდა მოხდეს, რომ ნატო ამ კონფლიქტში ჩაერთოს?

გენ. რიჰო ტერასი: ეს მარტივია – თუ ნატოს ტერიტორიას თავს დაესხმებიან, რასაც ეს ინციდენტი არ წარმოადგენდა, მაშინ ნატო კონფლიქტში ჩაერთვება.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რუსეთი წავა ამაზე? ასე სუიციდალურები არიან?

გენ. რიჰო ტერასი: ისიც არავის სჯეროდა, რომ რუსეთი იმდენად სუიციდალური აღმოჩნდებოდა, რომ უკრაინის დაპყრობას გადაწყვეტდა, თან ხუთი სხვადასხვა მიმართულებიდან. ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში შეწეულიყვნენ, ან ხერსონი ამოეღოთ მიზანში, მაგრამ ნებისმიერი – ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც წერა-კითხვა და თვლა შეეძლო, გეტყოდათ, რომ გამორიცხული იყო კიევზე იერიშის მიტანა. არადა, სწორედ ეს გააკეთეს. ამიტომ ახლა კითხვა ასე ისმის – რამდენად ღრმად შეუძლიათ შეტოპონ, და ამას ლოგიკის კანონების მიხედვით ვერ გამოვთვლით, რადგან ისინი ლოგიკასთან, როგორც ჩანს, მწყრალად არიან – ნებისმიერი სამხედრო ანალიტიკოსი გეტყოდათ, რომ იმ რაოდენობის ჯარით, რომელიც 24 თებერვალს ჰყავდა მზად რუსეთს, უკრაინის დაპყრობა შეუძლებელი, არალოგიკური იყო და რომ რუსეთი ამას არ გააკეთებდა. მაგრამ გააკეთეს.

რადიო თავისუფლება: და რატომ? სამხედრო ანალიტიკოსები არ ჰყავდათ? გერასიმოვს რა, ეძინა? რატომ წავიდნენ ამაზე?

გენ. რიჰო ტერასი: ვფიქრობ, ამოსავალ წერტილად უნდა მივიჩნიოთ მათი ყოვლად უსაფუძვლო ვარაუდი, რომ უკრაინელები ზეიმით შეხვდებოდნენ „გათავისუფლებას“. ეფესბეს ხუნტა, რომელიც პუტინს ჰყავს შემოკრებილი, ტკბებოდა სპექტაკლით, სადაც უკრაინელები როგორც გამათავისუფლებლებს, ისე ხვდებიან რუსულ ძალებს და სახტად დარჩნენ, როდესაც კიევში ყირიმის სცენარი არ განვითარდა. ეს პუტინისთვის დიდი სიურპრიზი იყო. მე ვფიქრობ, რომ მას ხშირად რეალურ ანალიზს უმალავენ, იმას ეუბნებიან, რისი გაგონებაც სურს, რათა აამონ – მისი იდეები კი არ ერგება რეალურ ანალიზს, პირიქით, ანალიზს არგებენ მის იდეებს. და, რა თქმა უნდა, ამით მცდარი სურათი იქმნება. ამას გარდა, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ უკრაინის არმია ევროპის ყველაზე ძლიერ არმიად იქცა, რუსეთის არმიასთან შედარებითაც კი. ასე რომ მათი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და უნდა მივცეთ ის შეიარაღება, ტანკები და მოიერიშე თვითმფრინავები, რაც მეტი ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლებისთვის სჭირდებათ.

რადიო თავისუფლება: მე ვიცი, რომ თქვენ ერთ-ერთი ხართ, ვისაც სწამს, რომ უკრაინას შეუძლია ეს ომი ბრძოლის ველზე მოიგოს. შეგიძლიათ მეგზურობა გაგვიწიოთ და აღწეროთ, როგორ, რა ტაქტიკური ნაბიჯებით მოახერხებენ ამას?

გენ. რიჰო ტერასი: ვფიქრობ, მათი შემდეგი სამიზნე მელიტოპოლი გახდება, რაც ყოველთვის იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი მიწის მონაკვეთიც კი იმ არეალში. შემდეგ მოუწევთ სხვა ოლქებზე გადასვლა და აქ უმნიშვნელოვანესია რას მოახერხებენ დონბასსა და ლუგანსკში – განსაკუთრებით დონბასში, რომელიც შესაძლოა, მათთვის მეორე ხერსონად იქცეს. თუ ისინი მოახერხებენ და 24 თებერვლისდროინდელ ფრონტის ხაზს მიღმა გადააბიჯებენ, ეს იქნება უზარმაზარი გამარჯვება არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული გადმოსახედიდან – ეს იქნება სიგნალი, როგორც უკრაინელი ხალხისთვის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვისაც – რომ „ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ და არ დავკმაყოფილდებით იმით, რაც 24 თებერვლის შემდეგ წაგვართვეს“. არ დაგვავიწყდეს, საუბარია ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს რეგიონზე, სადაც ევროპაში ლითიუმის ყველაზე დიდი საბადოა, მარაგით მეოთხე მსოფლიოში. ეს იქნებოდა ნიშანი, გარდამტეხი მომენტი, სადაც დანარჩენი სამყარო იტყოდა – დიახ, მათ ეს შეუძლიათ, ახლა კი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. დასავლეთში დღეს ბოლომდე მაინც არ სჯერათ, რომ უკრაინული არმია ამას შეძლებს. მე ამის მწამს.

მეტი:   კელი დეგნანი: "ილჰამ ალიევის განცხადება იყო იმედისმომცემი, საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია მედიატორის როლი"

რადიო თავისუფლება: და როგორ წარმოგიდგენიათ, რის ხარჯზე მოახერხებენ ამას? დონბასი თავის დროზე იმიტომ დატოვეს, რომ დაცვა ვერ შეძლეს. ახლა დაბრუნდებიან და მთელ რუსულ თავდაცვის ხაზს გამოყრიან?

გენ. რიჰო ტერასი: ის უნდა გააგრძელონ, რასაც აქამდე აკეთებდნენ – მაღალი დისციპლინა, გამართული სამხედრო იერარქია – ეფექტური ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება ყველა დონეზე, რაც უკრაინის წარმატების საიდუმლოა და რაც რუსულ სამხედრო მართვის სტრუქტურას ასე აკლია. რუსეთის არმიას კადრების უმწვავესი პრობლემა აქვს. ისე გაუჭირდათ, რომ ოფიცრის რანგს ჯარისკაცებს იმის მიხედვით აძლევენ, ისწავლა თუ არა უნივერსიტეტში – დიპლომიც კი არ არის საჭირო, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ისწავლე – შეიძლება მასწავლებელი იყო, ვეტერინარი, ანაც ზეინკალი, მაგრამ თუ უნივერსიტეტში სწავლობდი – ოფიცერი ხარ… ეს ცხადყოფს, რომ მომზადების დონე უკიდურესად დაბალია. შევადაროთ ახლა ეს უკრაინელებს, რომლებიც გადიან ნატოს წვრთნებს და უკვე ევროკავშირისასაც – ევროკავშირმაც კი დაიწყო სამხედრო საწვრთნელი პროგრამა უკრაინელებისთვის, რომელსაც 15000 ჯარისკაცი გაივლის. უკრაინელები „დახელოვნდნენ ომის ხელოვნებაში“ – ისინი სიურპრიზებით არიან სავსენი. არავინ ელოდა, რომ ხარკოვის მიმართულებით ექნებოდათ პროგრესი, არადა, ერთი მეორის მიყოლებით ათავისუფლებენ დასახლებებს, რუსები გამორბიან… ასე რომ, ვფიქრობ, მოულოდნელობის ელემენტზეც კარგად იმუშავებენ. რუსეთს ჯერ კიდევ შემორჩა „ბრმა“ ბომბებისა და ჭურვების დიდი რაოდენობა, მაგრამ მათ სამოქალაქო მოსახლეობაზე იყენებენ, სამხედრო ნაწილები ასე არ დაგიდგებიან და დაელოდებიან, როდის მოარტყამ რამეს…

რადიო თავისუფლება: მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება წინასწარგამიზნულ ტაქტიკას უფრო ჰგავს – ექსპერტული კონსენსუსის მიხედვით, ამის მიზანია უკრაინელების სულიერად გატეხვა, მათი ცხოვრების სტანდარტების განადგურების ხარჯზე. როგორ ფიქრობთ, იმუშავებს ეს?

გენ. რიჰო ტერასი: როგორ არა, იმუშავებს, მაგრამ არა ისე, როგორც რუსებმა ჩაიფიქრეს. ამას ნამდვილად ექნება გავლენა უკრაინელების საბრძოლო შემართებაზე – უფრო მეტად შესძულდებათ რუსები. ეს რუსების კიდევ ერთი მცდარი გათვლაა – თუ ისინი ფიქრობენ, რომ თუ დაბომბვას გააგრძელებენ, უკრაინელები დაშინდებიან და მთავრობის წინააღმდეგ გამოვლენ, ასე არ იქნება. გამოკითხვები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ ახლა ყველა უკრაინელს სძულს რუსი. სხვა საქმეა ის, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და „დიპლომატია“ გარე აუდიტორიაზე დასავლეთში, ევროპის მოსახლეობაზე – მთელი ეს შეგონებები, „გთხოოოვთ, დავამთავროთ ომი“, „ეს სისხლიანი ომია“, „ევროპაში ომი არ გვჭირდება“, „უკრაინელები მოლაპარაკებებზე უნდა წავიდნენ“. მაგრამ ახლა ვერავინ, ჯო ბაიდენიც კი ვერ უბიძგებს ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ, რადგან ეს მისი პოლიტიკური სიკვდილის განაჩენი იქნება უკრაინაში. ვფიქრობ, დასაწყისში ამერიკა დაინტერესებული არ იყო ამ კონფლიქტის ესკალაციით – მე ვხედავდი ნიშნებს, რაც ჩემი აზრით, აჩვენებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ერჩივნა, უკრაინაში 2008 წლის საქართველოს სცენარი განვითარებულიყო, ეს მათთვის იდეალური სცენარი იქნებოდა – პატარა ომი, არც თუ ისე დიდი მსხვერპლი. მთავრობა იცვლება. ახალი მთავრობა ისევ ამბობს „კარგ რამეებს“- ამბობენ, რომ უნდათ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა, მიდიან ბრიუსელსა და სტრასბურგში, სოლიდურად, კოხტა კოსტუმებში გამოწყობილები, მაგრამ ამავდროულად არაფერს აკეთებენ ამისთვის, არ სურთ ამის გაკეთება. შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირისთვისაც უფრო მარტივია მათი უარით გასტუმრება, რადგან მათ გაწევრების რეალური სურვილი არ აქვთ, რუსეთთან თანამშრომლობა ურჩევნიათ. სწორედ ამას ვხედავთ დღეს საქართველოში, ჩემი აზრით. ეს მხოლოდ მთავრობაზე ვრცელდება, რადგან ვიცი, რომ ქართველ ხალხს უნდა ნატო და ევროკავშირი. მაგრამ მთავრობა არაფერს გააკეთებს ამისთვის. საქართველო კლასში საუკეთესო იყო, როდესაც საქმე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებისკენ პროგრესს ეხებოდა, მაგრამ დღეს აღარაფერია. ეს ძალიან კომფორტული სცენარი იქნებოდა უკრაინისთვისაც. და ვფიქრობ, ამერიკელები ამაზე ფიქრობდნენ, ბაიდენმა ომის დაწყებამდე ისიც კი განაცხადა: თუ მცირე კონფლიქტი იქნება, არ ჩავერევითო. ეს ერთი სიგნალი იყო, ერთი ნიშანი, რომ ამ სცენარზე ფიქრობდნენ. მეორე – ამერიკის საელჩომ ყველა სხვა საელჩოს დაასწრო კიევიდან გამოქცევა, რითაც აჩვენეს, რომ უკანდახევისთვის მზად იყვნენ. მესამე – ამერიკის მთავრობის მიერ ზელენსკისთვის თავშესაფრის შეთავაზება და ის ცნობილი ფრაზა: მე იარაღი მჭირდება და არა ტაქსი, ასე რომ ისინი ფიქრობდნენ: სამი დღე, ახალი მთავრობა უკრაინაში, მოლაპარაკებები ნეიტრალურ სტატუსზე, უარი ნატოზე, მაგრამ შორეული პერსპექტივები ევროკავშირში, ბლა, ბლა, ბლა. პრობლემა ის იყო, რომ ამ გეგმის თუ იდეის ზელენსკისთვის მიცემა „დაავიწყდათ“, და მანაც არ იცოდა, რომ „თურმე ასე უნდა მოქცეულიყო“, ასე რომ გადაწყვიტა, დარჩენილიყო და ებრძოლა, რაც მშვენივრად გამოუვიდა კიდეც. აი, სადღაც აპრილისთვის კი ამერიკელებმა თანდათან თვითონაც დაიჯერეს, რომ ეს შესაძლებელი იყო, რომ უკრაინელებს გამარჯვება შეეძლოთ. სწორედ ამ მომენტისთვის იწყება დახმარების დრამატული ზრდა და ეს დახმარება დღემდე გრძელდება. და ვფიქრობ, კიდევ უნდა გაიზარდოს, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რადგან თუ ეს ყველაფერი უკრაინის გამარჯვებით არ დამთავრდება, მაშინ რუსული ხუნტა-სახელმწიფო კიდევ წლები იქნება მთავარი თავისტკივილი დანარჩენი სამყაროსთვის.

მეტი:   ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კანდიდატები, რომლებიც შუალედურ არჩევნებში დამარცხდებიან და ამის აღიარებაზე უარს იტყვიან, ქვეყანას ქაოსის გზაზე დააყენებენ

რადიო თავისუფლება: და რა აკლია ამ შემართებისთვის, თქვენს ამ დასკვნასთან მისასვლელად დასავლეთს?

გენ. რიჰო ტერასი: მნიშვნელოვანია ყველამ, და განსაკუთრებით დასავლეთში გაიაზრონ ერთი რამ: ისინი ფიქრობენ, რომ რუსები არ გატყდებიან, რომ ისინი ასეთები არიან, ბოლომდე უძლებენ, დაიტანჯებიან და საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებენ, ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ ამის მთქმელებს ავიწყდებათ, ვინ არიან უკრაინელები. ავიწყდებათ ის, რომ ეს ყველაფერი უკრაინელებზეც უფრო ითქმის, რომ ისინი არ არიან დასავლელი „დედიკოს ბიჭები“, როგორც პუტინს უყვარს თქმა, ისინი მედგარი მებრძოლები არიან, ეს ის ხალხია, ვინც თანამედროვე პარტიზანული ომი მოიგონა, ჯერ კიდევ ნაპოლეონის დროს და შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის დროს „გაიხსენეს“. უკრაინელები არ გატყდებიან, და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, თუ ჩვენ საკმარის შეიარაღებას მივცემთ… ეს ცალკე პრობლემაა, რადგან ევროპული და ზოგადად დასავლური თავდაცვის ინდუსტრია გათვლილი არ იყო გრძელვადიან ომებზე. ახლა უკრაინას იმას ვაძლევთ, რაც ჩვენ თვითონ გვიდევს საწყობში, მერე რას მივცემთ, როცა ეს მარაგი გამოილევა? ამიტომ აუცილებელია წარმოების მასშტაბების გაზრდა. მე მაინც ოპტიმისტად ვრჩები – რუსეთის გამარჯვებას აქ მე ვერ ვხედავ. უკრაინამ უკვე გაიმარჯვა, გაიმარჯვა დამოუკიდებლობის ომში, თუნდაც ეს ომი ტერიტორიის დაკარგვად დაუჯდეს – ისევე, როგორც ფინეთმა გაიმარჯვა ზამთრის ომში 1939 წელს. მათ დაკარგეს ტერიტორია, მაგრამ შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის ომი უკრაინამ უკვე მოიგო, ახლა საქმე იმაშია, რუსეთს დავამარცხებთ თუ არა, და ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ევროპელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ერთი ან სამი გრადუსით ნაკლები სითბო მათ ოფისებსა თუ ბინებში უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას უდრის. უნდა გაიაზრონ, რომ ეს არის ომი ევროპაში და არა უბრალო ომი უკრაინაში… მე ხშირად მეკითხებიან – არ გეშინიათ მანდ, ესტონეთში? ჩემი პასუხი ასეთია – ტალინი ზუსტად იმ მანძილითაა დაშორებული მოსკოვიდან, რითაც ბერლინი. ჩვენ რუსულად მოსაუბრეები არ გვყავს, რუსები ტალინში გამოსვლებს არ მართავენ პუტინის მხარდასაჭერად, აი, ბერლინში კი მართავენ. ვის უფრო უნდა ეშინოდეს? ისინიც ისევე არიან ამ ომში ჩართულები, როგორც ჩვენ.

 

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ ის პოლიტიკურად დევნილია”- ზურაბ ჯაფარიძე

(ACCnews) „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img