კვირა, ოქტომბერი 2, 2022

სიყვარულზე უსიყვარულო დროს

მთავარი

“რადიო თავისუფლება”

ავტორი: ლაშა ბუღაძე

სიყვარული ყოველთვის არააქტუალურია და როგორც წესი, უდროო დროს მოდის, მისთვის ვერ ვიცლით და ვეღარც დიდ მნიშვნელობას ვხედავთ მასში, რადგან სინამდვილე უსიყვარულობას გვაჩვევს.

ყველა დიდი ისტორია, რომელიც დიდ სიყვარულთან არის დაკავშირებული, ერთსა და იმავე ტრაგიკულ ამბავს გვიყვება – რომ სიყვარული არსებითად შეუსაბამოა ცხოვრების აქტუალურ პროზასთან, ან საერთოდ სიცოცხლესთანაც კი, რადგან სიყვარულს ისეთი კანონები აქვს, რომ მის გარდა სხვა არაფრისთვის გვიტოვებს ძალას.

გოეთეს ვერთერისეული სიყვარული (“ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”) ადამიანს დისფუნქციურს ხდის – როცა სიყვარულის ობიექტის ფიზიკური სიახლოვის მიუხედავად, ვერთერი მტკივნეულად აცნობიერებს, რომ ის ვერასდროს ამოავსებს იმ სიცარიელესა და უშინაარსობას, რომლის მიზეზიც მისი შეუყვარებლობაა, რაკი შარლოტე ყოველთვის სხვაგან იქნება და ეს კი ყოველთვის მარტო და მისი უკმარობით დასჯილი.

ვერთერის შემთხვევაში სიყვარული სნეულებაა და ის მხოლოდ იმ გზით გათავისუფლდება ამ დაავადებისგან, რაც შემდეგ ვერთერის სინდრომის სახელით გახდება ცნობილი: სასიკვდილო გათავისუფლებით სიყვარულის უკმარობისგან.

მაგრამ ეს ვერთერის შემთხვევაში, თორემ პლატონის “ნადიმში” ეროსი იქ ცოცხლობს, სადაც სწორედ უკმარობაა, სადაც სიყვარული არასრულყოფილების, სულიერი ნაკლულობის კომპენსაციად არის მიჩნეული – როცა უსიყვარულო (ანუ არასრულყოფილი) ადამიანი მხოლოდ მეორით, სხვა ადამიანით თუღა შეძლებს მთლიანობის აღდგენას. პლატონის შეყვარებული ხომ ყოფილი ანდროგინია, ზევსის მიერ ორად გახლეჩილი ერთი არსება, რომელიც მუდმივად ეძებს დაკარგულ ნახევარს.

მეტი:   "ისევ ჩიხში დავბრუნდით" - ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე

რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული ექსტრემალურია, ისინი კაპულეტების საძვალეშიც კი ვნების პიკზე არიან, მაგრამ ადამიანებმა შეუძლებელია დიდხანს გაუძლონ უწყვეტ აპოთეოზს, ისინი აუცილებლად დაიფერფლებიან გრძნობების ამგვარი ინტენსიურობის პირობებში, რადგან შეუძლებელია ასე გიყვარდეს დიდხანს – სხეული ამას ვერ გაუძლებს… აკი ამიტომაც არიან შექსპირთან ეს შეყვარებულები 13-16 წლისანი, რადგან მხოლოდ ასეთ არადიდებს (და აზარტულებს) შეუძლიათ ყველაფრის გაღება ერთმანეთისთვის, სადაც ყველა რაციონალურ და მეტიც, ბიოლოგიურ კანონს აუქმებს მათი სიყვარული, სიკვდილის კანონსაც კი, როცა სიკვდილიც კი თამაში და ფიქცია ხდება მათ ხელში.

შეუძლებელია რომეოსა და ჯულიეტას წარმოდგენა ოცდაათ წელს ზემოთ, რადგან შეუძლებელია არ იყო მუდამ 13 წლის, როცა ასე გიყვარს. 30 წლისას ძალა აღარ გრჩება საამისოდ, თუკი ბალზაკის პერსონაჟი ქალის მსგავსად, 30 წლის შემდეგ არ აღმოაჩენ საკუთარ თავში ქალს, ანუ რაღაც არსობრივს, რომელიც თურმე შენში ყოფილა და ეს არ გცოდნია.

სიყვარული ადამიანს მე-ს ათმობინებს სხვის სასარგებლოდ, როცა იდენტობა სხვას ეწირება მსხვერპლად და სადაც სიყვარულის სასარგებლოდ ყველა კომპრომისი დასაშვებია, თუკი გინდა, რომ გიყვარდეს და მასაც თავდავიწყებით უყვარდე, როგორც ამას ტოლსტოის ანა კარენინა სჩადის, როცა სიყვარული მისთვის ომია, სხვათა გაწირვაა ერთის სასარგებლოდ, ამბოხება, აქამდე არსებული ნორმების და რუტინის უარყოფა, ნგრევა… როცა მტყუანი ხარ შვილთან, მართალ ქმართან, მორალისტ საზოგადოებასთან, მაგრამ ბედნიერი ხარ შენი სიყვარულით და ისინი კი მართლები, თუმცა უსიყვარულონი და უბედურები არიან.

მეტი:   “უკრაინისთვის ათი იმდენი HIMARS-ი უნდა მიგვეცა, რაც მივეცით“- გენერალი დაგლას ლუტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში

მარსელ პრუსტისთვის სიყვარული არქეტიპის ძიებაა, არა სუბიექტის, არამედ მდგომარეობის, როცა ადამიანი თავად სიყვარულშია შეყვარებული, სიყვარულის მოდელში, რომელიც დრო და დრო ჟილბერტა, ოდეტი, ალბერტინა თუ დედამისია, ვინც ძილის წინ აღარ კოცნის პატარა მარსელს და ეს კი სწორედ ამ დაკარგული სიყვარულის მოხელთებას ცდილობს თავის რომანში… ალბერტინა სიყვარულის ხატია, რომლის ძიებაც დაკარგული დროისთვის მნიშვნელობის, შინაარსის მიცემის შესაძლებლობაა, რადგან მხოლოდ იქ და მაშინ არსებობ, სადაც გიყვარს, დროს ფლობ, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ვეღარ ფლობ სიყვარულის ობიექტს, რაც ასევე მნიშვნელოვანია და რაც იქნებ ადიქციადაც იქცეს (მარსელი სწორედ ამ ადიქციას იკვლევს “დაკარგული დროის ძიების” მეხუთე ნაწილში, “ტყვე ქალში”, როცა ცდილობს, შეყვარებული მხოლოდ მისი იყოს და მასთან, პირდაპირი მნიშვნელობით მის საძინებელში გამოკეტილი). მარსელისთვის სიყვარული შეყვარებულის სხეულის ფლობაა, როცა არქეტიპმა დროებით მაინც უნდა დაივანოს ფიზიკურ ჩარჩოში.

მეტი:   "შეწყვიტეთ უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლით ვაჭრობა"– დმიტრო კულება დასავლეთს

განა ამიტომ არ ჩადის ორფეოსი მკვდართა საუფლოში, რათა შეყვარებული სხეულებრივად დაიბრუნოს უკან?! მაგრამ იქნებ ევრიდიკეს სული სწორედ იმ მარადიული სიყვარულის არქეტიპია, რომელიც ყოველთვის იყო წარსულში და არასდროს არის აწმყო? პრუსტისეული ხედვით ხომ ყველა სამოთხე დაკარგული სამოთხეა და ის, რაც სინამდვილესთან შერიგების შესაძლებლობას იძლევა, მხოლოდ მეხსიერებაა, იდეალის გახსენება თუ გამოგონება, როცა სიყვარული დროის ლოგიკის მიღმაა, არასდროს არის გარეთ და ყოველთვის შიგნითაა – შენში…

და თუნდაც ეს იყოს ილუზია, განა არ ღირს, რომ დრო და დრო მაინც ჩავიდეთ ჰადესში, რათა არაცოცხალთა ბორგვაში სიყვარულის ძალა დავუბრუნოთ გაცვეთილ გულებს?!

ბოლოს და ბოლოს, ამას არ გავიხსენებთ, როცა პრუსტის არ იყოს, დაკარგული დროის მოპოვების საიდუმლოს მივაგნებთ რომანის (რომანის, როგორც სიცოცხლის მეტაფორის) დასასრულს: როგორ გვიყვარდა ტოტალური უსიყვარულობის ჟამს…

როგორ ვცხოვრობდით ან ვერ ვცხოვრობდით სიყვარულთან ერთად.

და როგორ გავუფრთხილდით ან ვერ გავუფრთხილდით სიყვარულს, რომელიც როგორც ყოველთვის, მოულოდნელად დაგვეცა თავზე და რატომღაც არააქტუალური გვეგონა…

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ – Politico

(ACCnews) აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img