(ACCnews) გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსული ძალების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ფაქტებს ეხმიანება.
როგორც გერმანიის კანცლერი წერს, დაუღალავად უნდა გამოიძიონ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.
“საშინელმა და შემზარავმა სურათებმა მოაღწია ჩვენამდე უკრაინიდან. ბუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, დახვრეტილია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. მოვითხოვ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ წვდომა ამ ტერიტორიებზე, სისასტიკის დამოუკიდებლად დასაფიქსირებლად. ჩვენ დაუღალავად უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ,” – წერს ოლაფ შოლცი.
ცნობისთვის, გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.