(ACCnews) სოციალური ქსელი ფეისბუკის მფლობელი კომპანია “მეტა”, უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასობრივი მკვლელობების ფოტოსურათებს ბლოკავს. “მეტას” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაბლოკვა ავტომატურად ხდება. თუმცა ბევრი მომხმარებელი ირწმუნება, რომ ფეისბუკმა დაბლოკა ისეთი პოსტებიც, სადაც ეს სიტყვა გამოყენებული არ იყო.
გასულ თვეს ფეისბუკმა რამდენიმე ქვეყნის მომხმარებელს, მათ შორის საქართველოს მომხმარებლებს, ნება დართო სოციალურ ქსელში, რუსეთის პრეზიდენტის და რუსული არმიის განადგურების მოწოდებები გამოაქვეყნონ.
რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ფეისბუკი არ ხურავს რუსეთის ოფიციალური უწყებების პროპაგანდისტულ გვერდებს. მათ შორის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გვერდს, რომელიც ხშირად რუსეთის სამხედრო პოტენციალის სიძლიერის აღმწერ პოსტებს აზიარებს.
ბუჩა პატარა ქალაქია კიევთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა არმიამ რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლა. საერთაშორისო მედია სააგენტოების ფოტორეპორეპორტაჟებში ჩანს ქუჩებში მიმოფანტული მოკლული ადამიანები. უმეტესად სამოქალაქო პირები. ჟურნალისტების და უკრაინის ხელისუფლების წარომადგენელთა ინფორმაციით, ზოგიერთ მოკლულს ხელები უკან შეკრული ჰქონდა.
მსოფლიოს ლიდერებმა ბუჩაში მომხდარი ტრაგედია ერთხმად დაგმეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ სამხედრო დანაშაულზე რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.
საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთისგან აგრესიის შიშით, ბუჩას მკვლელობების კომენტირებისას თავი აარიდა მთავარი დამნაშავის რუსეთის ხსენებას ოფიციალურ განცხადებაში.