ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, აშშ-ს უკრაინაში საელჩო დროებით კიევიდან ლვოვში გადააქვს.
როგორც ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია.
არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ამერიკელების უსაფრთხოება და ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს ჩვენს კოლეგებს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ. მე და ჩემი გუნდი მუდმივად განვიხილავთ უსაფრთხოების ვითარებას, რათა განვსაზღვროთ, როდის განაპირობებს წინდახედულობა პოზიციის შეცვლას. ამის გათვალისწინებით, უკრაინაში ჩვენი საელჩოს ოპერაციების კიევიდან ლვოვში გადატანის პროცესში ვართ. საელჩო უკრაინაში დიპლომატიურ ჩართულობას კოორდინაციას გაუწევს. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას კრიზისის დეესკალაციისთვის. დიპლომატიის გზა ხელმისაწვდომი რჩება, თუ რუსეთი გადაწყვეტს კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიალოგში. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლების საელჩოში დაბრუნებას, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.