(ACCnews) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუციის დოკუმენტი, რომლითაც ევროპის საბჭოს წევრებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.
რეზოლუცია ასევე შეიცავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას, დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე.
პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, დაუპირისპირდა გლობალურ მმართველობას და გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა ენერგომატარებლებსა და სასურსათო უსაფრთხოების მოშლა.
რეზოლუცია მოუწოდებს ყველას, განაგრძონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მიზნით, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.
რეზოლუციას 147 დამსწრედან 144-მა მხარი დაუჭირა.