(ACCnews) საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ნეიტრალიტეტისა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მოთხოვნით პრაღაში გამართულ აქციას სიხარულითა და ნიშნის მოგებით შეხვდნენ, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ პროსახელისუფლებო მედიისა და ექსპერტების სიხარული უადგილოა და ჩეხეთის უახლსი ისტორია განსხვავებულ სურათს აჩვენებს.
„პრაღაში ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ნეიტრალიტეტს და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ითხოვდნენო, ზარ-ზეიმით გვამცნო პროსახელისუფლო მედიამ და ორშაურიანმა ექსპერტებმაც, ეს პირველი მერცხალია და მერე ნახეთ თქვენო, დაგვემუქრნენ. მათ იქვე იმის აღნიშვნაც არ დავიწყებიათ, თუ რა მაგარია ბატონი ბიძინა და როგორ იხსნა ქვეყანა ომში ჩათრევისგან.
ჰოდა, ამ ამბით გახარებულებს მინდა ვუთხრა: ოთხი წლის წინ პრაღაში ანტივაქსერთა არანაკლებ ხალხმრავალი აქცია გაიმართა, სადაც სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებდნენ (ეჭვი მაქვს იგივე ხალხი იყო ახლაც), ხოლო უფრო ადრე 90-იანების ბოლოს, კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები იმართებოდა ჩეხეთის ნატოში შესვლის წინააღმდეგ. და რით დამთავრდა ეს ყველაფერი? რით და იმით, რომ ჩეხეთი ნატოს წევრიცაა, ვაქცინაციაც წარმატებით ჩაატარეს და ახლა უკრაინასაც ეხმარებიან. ნეიტრალიტეტი არა ფლავი…
ისე კი, ამ ხელისუფლების მომხრეები “სამ დღეში კიევს აიღებენ“ პროგნოზებიდან ჩეხი კომუნისტების და ფაშისტების აქციის გულშემატკივრობამდე რომ ჩამოლაბორანტდით, თუ ატყობთ როგორ მძიმედაა თქვენი საქმე?“- წერს დავით ზურაბიშვილი.
ცნობისათვის, პრაღაში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება გაზისა და ელექტროენერგიის ფასების მატებასთან დაკავშირებით უმოქმედობასა და ქვეყნის ეკონომიკის საზიანოდ უკრაინის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. დემონსტრანტები უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და ევროკავშირიდან და ნატოდან ჩეხეთის გასვლასაც მოითხოვდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციას 70 ათასზე მეტი დემონსტრანტი ესწრებოდა.