(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის აგრესიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა არაფერი დაიშურეს, უკრაინელები დახოცონ და მათი მიწა გაანადგურონ.
“ორ თვეში მათ ჩვენ წინააღმდეგ 1100-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. უთვალავი ბომბი და არტილერია. აწამეს, ძარცვავდნენ, სიკვდილით დასაჯეს. ჩვენი მიწა დანაღმულია. მშვიდობიანი ქალაქები და სოფლები ჯოჯოხეთად გადაიქცა. უკრაინის ზოგიერთი ქალაქი და თემი მთლიანად განადგურდა. მაგრამ მათ ვერაფერს მიაღწიეს და ვერ მიაღწევენ,”– განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა აჩვენა, რა შეუძლია მას მოუტანოს ყველა იმ ქვეყანას, რომლებსაც რუსეთი მის მტრად მიიჩნევს.
“რუსეთმა აჩვენა, ნამდვილად რისი მოტანა სურს და შეუძლია ევროპაში. რა შეუძლია მას მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა იმ ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის სავარაუდო მტრებად”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 62 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4 მილიონზე მეტი ლტოლვილი. უკრაინაში შეღწევის გამო მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.