(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტმა და კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დეკლარაციაში განსაზღვრულია კიევის მიერ ნატოს სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების კურსის ფარგლებში უკრაინასა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დოკუმენტის ხელმოწერით ჩეხეთის მხარემ დააფიქსირა უკრაინის მიერ ნატოს წევრობის მოპოვების პერსპექტივისადმი მხარდაჭერა, როგორც კი ამისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელსაც უკრაინა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად აწერს ხელს. მისი თქმით, უკრაინა იმუშავებს, რომ ამგვარი ერთობლივი დეკლარაციები ნატო-ს წევრ სხვა სახელმწიფოებთანაც გაფორმდეს.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის მთავრობა უკრაინას ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ომის შემდგომ აღდგენას, დევნილების დახმარებას და ტერიტორიების განაღმვას უნდა მოხმარდეს.