(ACCnews) აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, შეერთებული შტატები ახალ სანქციებს დაუწესებს კერძო პირებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთის სამხედრო დახმარებას უწევს.
„დიდი ოცეულის“ სამიტზე, კუნძულ ბალიზე ჩასულმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები დაუწესდება 14 ფიზიკურ პირსა და 28 კომპანიას, მათ შორის ფინანსურ ფასილიტატორებს.
„ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი, რუსეთმა მარცხი განიცადოს და ვერ მიიღოს მისთვის საჭირო აღჭურვილობა სანქციების და ექსპორტის კონტროლის გზით“, – განაცხადა იელენმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენით.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა დამატებითი, 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების არასამხედრო დახმარება უკრაინისთვის და კონგრესის თანხმობის მიღების შემდეგ, უწყება დაუყოვნებლივ დაიწყებს მის უკრაინაში გაგზავნას.