(ACCnews) “მართლა ავადმყოფი ხალხია, მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე”, – ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური კრემლის ბრალდებებს, თითქოს უკრაინამ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე უპილოტო დრონები გაუშვეს სამოქალაქო გემიდან, რომელიც მარცვლეულის გარიგების ფარგლებში გამოიყენებოდა.
მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელებით
„რა გაიგონა მსოფლიომ? რომ ვითომ ვიღაც მარცვლეულის გადამზიდავიდან უშვებს დრონებს. ჯერ “საბრძოლო ფრინველებზე” ლაპარაკობდნენ, მერე – “საბრძოლო მწერებზე”, ახლა – “საბრძოლო მარცვლეულზე”. მკვლელი ხორბალი, რომელიც რუს ადმირალებს ახრჩობს. აბა, რას იტყვით? მართლა ავადმყოფი ხალხია, მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე. რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ დაარწმუნონ ტერორისტული სახელმწიფო, შეანელოს შანტაჟი, მაგრამ არის ეს რეალური? ჯერჯერობით ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელებით და ეს, სხვათა შორის, არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნით უკრაინული პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება უწყებამ 29 ოქტომბერს სევასტოპოლში მომხდარი აფეთქებებით ახსნა.