(ACCnews) “თუ საქართველო გახდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, ქვეყანა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ არ მოგვითხოვია არავისგან სანქციებისთვის შეერთება, მთავარი საფრთხე აქ სხვა რამეშია – თუ საქართველო გახდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, ჩვენ ძალიან ცუდად დავამთავრებთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება ქვეყანა. მეორე – “სანქციები არ მუშაობს” – ეს გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ უნდა ისმოდეს. ევროპული და დასავლური სანქციები მუშაობს. მომიტანეთ რომელიმე წინადადება, რომ ჩვენს გუნდს მოეთხოვოს სანქციების დადება რუსეთზე ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ეს არ გვითქვამს, მით უმეტეს, საომარი რიტორიკის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან 26 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით, ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესეს.
საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსეთის სანქციებს არ შეუერთდება.