(
ACCnews) რუსეთის ომით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად უკრაინელმა სტუდენტებმა ოცნებების ახდენა 2022 წელს მაინც შეძლეს. იელიზავეტა კორნილოვა უკრაინელი სტუდენტია მარიუპოლიდან, რომელიც USAID-ისა და საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში დროებით საქართველოში გააგრძელებს სწავლას. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ გვერდზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს.
საელჩოს ინფორმაციით, იელიზავეტა ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობს და განსაკუთრებით დაინტერესებულია ინკლუზიური განათლების საკითხებით. მან ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში დააარსა ონლაინ სკოლა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. “ინკლუზიური განათლება უკრაინაში გამოწვევაა, რადგან უკრაინელ ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, ჩემი სურვილი სწორედ ამ რეალობის შეცვლაა “ – ამბობს იელიზავეტა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ევროპის ინოვაციების აკადემიის Bootcamp-ში, რომელიც ბათუმში ჩატარდა. USAID-ის მხარდაჭერით გამართული ამ ინიციატივის ფარგლებში იელიზავეტას საშუალება ქონდა 100 უცხოელ სტუდენტთან ერთად გაცნობოდა ინფორმაციას მეწარმეობის შესახებ. „ბანაკში გატარებული ხუთი დღის განმავლობაში ახალი და ინოვაციური მიდგომები შევისწავლე, რომლებიც აუცილებლად დამეხმარება ჩემი სტარტაპის განვითარებაში “ – ამბობს იგი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დღეს უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, იელიზავეტა მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი. უფრო მეტიც, იგი გეგმავს აქტიურად განაგრძოს თავისი ონლაინ სკოლის განვითარება და დაეხმაროს უკრაინელ ბავშვებს სწავლასა და განვითარებაში.
“USAID ამაყობს, რომ საკუთარი ძალისხმევითა და ქართველი პარტნიორების თანადგომით მხარს უჭერს უკრაინას ჰყავდეს შესანიშნავი ძლიერი მომავალი ლიდერები”, – ვკითხულობთ გვერდზე.