(ACCnews) კიევისთვის სარაკეტო სისტემების გაგზავნის საკითხს ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ განიხილავს, მაგრამ ვაშინგტონი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის, – შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრეს სპიკერმა გააკეთა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ამერიკა არ აპირებს უკრაინისთვის ისეთი სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომელსაც რუსეთამდე მიღწევა შეუძლია. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებმა თეთრი სახლის პრეს მდივანს ჰკითხეს რას გულისხმობდა ამერიკის პრეზიდენტი ამ განცხადებაში.
„უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ სისტემების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია; მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ არ გავგზავნით შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს, ბრძოლის ველს მიღმა გამოყენებისთვის. ახლა რაიმე სპეციფიკური დეტალის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა პრესმდივანმა.