(ACCnews) “ამერიკა ამ რეგიონში რუსეთთან ომს აგებს და ეს არის არის მხოლოდ ჩვენი სისუსტის ბრალი, თუ მათ უნდათ, რომ საქართველო და ეს რეგიონი ამერიკის პარტნიორი იყოს, უნდა იმოქმედონ.” – განაცხადა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ ამერიკის ელჩთან შეხვედრის დაწყებამდე.
“პირველ რიგში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ამ ეტაპზე ნიკას თავისუფლება. ნიკა ჩვენი გენერალური დირექტორია, ჩვენი მეგობარია, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი სინამდვილეში, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნიკა ერთ-ერთი მაგალითია ამ უსამართლობის, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ჩვენ გვიწევს მუდმივად ამ რეჟიმში ცხოვრება, ეტაპობრივად ვიღაცას იჭერენ – უშვებენ, იჭერენ – უშვებენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჯაჭვი, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად რომ იქცა!
ჩვენ გვინდა ამერიკის ელჩს ვთხოვოთ, ვიტყვი, მოვთხოვოთ კიდევაც, რომ ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი შეწყდეს, ნიკა გვარამია იყოს ბოლო რგოლი ამ ჯაჭვში, ის გათავისუფლდეს აუცილებლად. არ ვიცი რა ბერკეტებით მოახერხებს ამას ელჩი მაგრამ მათ აქვთ ბერკეტები.
კარგია აშშ-ის დეპარტამენტის მკაცრი განცხადებები, თუმცა მას შედეგი არ აქვს და არაფერი მოგვიტანა. მინდა რომ ეს ომი მოიგოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ამერიკა ამ რეგიონში რუსეთთან ომს აგებს და ეს არის არის მხოლოდ ჩვენი სისუსტის ბრალი, თუ მათ უნდათ, რომ საქართველო და ეს რეგიონი ამერიკის პარტნიორი იყოს, უნდა იმოქმედონ. თუ უნდა ამერიკასაც, მაშინ ეს გააკეთოს გაიმარჯვოს, როგორც ცდილობს რომ გაიმარჯვოს უკრაინაში, მოიგოს ეს ომი საქართველოში და ნიკა გვარამიას თავისუფლება იქნება ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი ამ გამარჯვებისკენ.” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.