(ACCnews) შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს თანხა ამერიკის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების ნაწილი იქნება.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 25 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ეწვივნენ.
orma მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფს. 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი ბაკლანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება.
„საქართველო მიიღებს 35 მილიონ დოლარს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერთავდაცვა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.
დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც ამერიკისგან თავდაცვის იარაღს, ტრენინგსა და მომსახურებას მიიღებენ არიან ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია და ბოსნია-ჰერცოგოვინა.