(ACCnews) სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში, კეტრინ ინსლი ეწვია საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC). აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ვიზიტისას მდივნის მეორე მოადგილე შეხვდა JMOC-ის ხელმძღვანელს, II რანგის კაპიტან შოთა მიროტაძეს. JMOC-ი უწყებათშორისი ოპერაციების ცენტრია, რომელიც თანამშრომლობს და ინფორმაციას აზიარებს ისე როგორც ქვეყნის შიდა უწყებებთან, ასევე – საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვას საქართველოს საზღვაო სივრცე და ხელი შეუწყოს უკანონო აქტივობებში შემჩნეული ხომალდების ამოცნობას.
“აშშ-ის მთავრობა JMOC-ის შექმნაში შეტანილი წვლილით ამაყობს და აგრძელებს ცენტრის დახმარებას მისი განვითარებისთვის ტრენინგების, წვრთნებისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფით. ამით უმჯობესდება საზღვაო სივრცის ათვისება და თავსებადობა შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან”. – ვკითხულობთ განცხადებაში.