საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მომდევნო ვიზიტი რაჭაში შედგება.
“გვინდა გაგაცნოთ ჩვენი პროგრამის მონაწილე ამბროლაურიდან, რომელიც ახლახან დაბრუნდა საქართველოში. მარიამ ჯაფარიძემ ინგლისური ამერიკის საელჩოს დახმარებით ისწავლა, თანაც ისეთი წარმატებით, რომ გაცვლითი პროგრამის კონკურსში გაიმარჯვა და ზაფხულში შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. გახსოვთ ის ვირუსული ვიდეო, ბოსტონში ახალგაზრდებმა საქართველოს ჰიმნი რომ იმღერეს? ერთ-ერთი მათგანი მარიამი იყო. გიტოვებთ მის გულწრფელ ემოციებს, რომელიც ამ პოსტისთვის გაგვიზიარა”, – წერს საელჩოს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში.
„ცხოვრების რიტმი, რუტინა, საერთო საცხოვრებელი, კაფეტერია, უნივერსიტეტის მთლიანი კამპუსი… ორი კვირა მეგონა, არა, დარწმუნებული ვიყავი, ამერიკელი სტუდენტი ვარ-მეთქი. სიმშვიდეს ვგრძნობდი სულ, იმის მიუხედავად ან ზუსტად იმიტომ, რომ ყოველდღე უამრავ ადგილს ვინახულებდით. თავი სიზმარშიც მეგონა ხანდახან, არ ვაზვიადებ – ჰარვადი, ემაითი, ოკეანე, ვეშაპები თუნდაც… და ადამიანები?! შეუძლებელი იყო ვინმესთვის გაგეღიმა და უკან გულწრფელი ღიმილი არ დაებრუნებინათ შენთვის. თითქოს გაცვეთილია ეს ფრაზა, მაგრამ ამერიკულმა გამოცდილებამ ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. მეეჭვება, შეიძლებოდეს უფრო პროდუქტიულად გაატარო სულ რაღაც ორი კვირა, თან არაფერმა დაგაკარგვინოს ენთუზიაზმი და ბედნიერების განცდა.” – წერს პროგრამის მონაწილე ამბროლაურიდან.