(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვედანტ პატელი აცხადებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.
მისი თქმით, ირანიდან რუსეთში გაგზავნილი დრონები იმ იარაღს შორისაა, რომელზედაც ემბარგო ვრცელდება.
„ჩვენმა ფრანგმა და ბრიტანელმა მოკავშირეებმა საჯაროდ წარადგინეს შეფასება, რომ ირანის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთისთვის მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუციის დარღვევაა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეთანხმებით.
მიგვაჩნია, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ირანიდან რუსეთში გადადის და რუსეთი უკრაინაში იყენებს, იმ იარაღს შორისაა, რომელზეც #2231 რეზოლუციის თანახმად, ემბარგო ვრცელდება“, – აღნიშნა პატელმა.
შეგახსენებთ, ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის. ამასთან, უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას ირანული ე.წ. კამიკაძე-დრონებით ესხმიან თავს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინის საჰაერო ძალები ანადგურებენ.