(ACCnews) უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა ღრმად წუხს სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო.
ამასთან, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია თბილისის სამედიცინო ცენტრ “ვივამედში” მყოფ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო.
უკრაინის მოქალაქის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანის მიზნით შემდგომი მკურნალობისთვის.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილსთან წვდომა.
უკრაინა გააგრძელებს განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, მათ შორის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც უნდა გათავისუფლდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.