(ACCnews) უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს.
მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. დაღუპული ქართველები აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნის ფონზე გამოასვენეს.
დავით მენაბდიშვილი, მშობლიურ ქალაქში რუსთავში გადაასვენეს. მას რუსთავის მცხოვრებლები ქალაქის შემოსასვლელში დროშებით, სანთლებითა და ყვავილებით, მუხლმოდრეკილები დახვდნენ.
დავით მენაბდიშვილი რუსთავის სიონის ტაძარში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. რუსთაველ სამხედროს, არსებული ინფორმაციით, ხვალ დაკრძალავენ.
ქართველი მებრძოლები 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.