(ACCnews) თურქეთის საბაჟო ორგანოებმა დააკავეს რუსული სატვირთო გემი, რომელიც ატარებდა მარცვლეულს, რომელიც არის მოპარული,- განაცხადა თურქეთში უკრაინის ელჩმა.
ვასილ ბოდნარმა იმედი გამოთქვა, რომ გემს დააპატიმრებენ, ქონებას ჩამოართმევენ და ამ თაღლითობაში ჩართული ყველა ადამიანი პასუხს აგებს.
რუსული გემი თურქეთის პორტში რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის საპორტო ქალაქ ბერდიანსკიდან შევიდა.
ცნობისათვის, უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს მარცვლეულის მოპარვაში იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსულმა ძალებმა დაიპყრეს თებერვლის ბოლოს მისი შემოჭრის დაწყების შემდეგ.
რუსეთს გლობალური შიმშილის საფრთხის შექმნაში მარცვლეულის ექსპორტის შეჩერების გამო ბრალდებას უყენებს დასავლეთი. მოსკოვი უარყოფს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე და ადანაშაულებს დასავლეთის სანქციებს.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტები ბერდიანსკი და მარიუპოლი, რომლებსაც რუსული ძალები აკონტროლებენ, მზად არიან განაახლონ მარცვლეულის გადაზიდვა.