(ACCnews) უკრაინაში დელეგაციის “ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა, აღმოჩნდა, რომ არაერთი ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ უკრაინელ მეგობრებს, დაფუძნებული იყო ტყუილზე.” – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.
მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი შედგა უკრაინაში.
“რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს, პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო დელეგაციის ხელმძღვანელს, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე დელეგაციის ყველა წევრს უმრავლესობიდან თუ ოპოზიციიდან. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი შედგა უკრაინაში. შედეგის მიხედვითაც, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბევრი გაუგებრობა გაიფანტა ვიზიტის განმავლობაში.
აღმოჩნდა, რომ არაერთი ის ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაფუძნებული იყო ტყუილზე და ეს ტყუილი მათ მიეწოდებოდათ შესაბამისი დაჯგუფებების მხრიდან საქართველოში, რომლებიც არ ერიდებიან ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ფეიკნიუსების კულტურას, ამ კულტურის დამკვიდრებას. მათ აქვთ წვდომა სახელისუფლებო რესურსზე უკრაინაში, ისინი არ ერიდებოდნენ ტყუილის გავრცელებას. შესაბამისად, ეს ვიზიტი სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ უშუალო კონტაქტის დროს წერტილი დაესვას გაუგებრობებს და ჩვენი მეგობრები ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რეალურ ფაქტებზე. იცოდნენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობით, დგას მათ გვერდზე ამ უმძიმეს ჟამს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.