(ACCnews) ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ის ამჟამად ქალაქ სტრასბურგში იმყოფება.
„ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას, ნამდვილად, არ ვაპირებ, მით უმეტეს, პროკურატურას სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს და ჩინჩალაძე-მურუსიძე სააპელაციოში არიან ჩასაფრებულები. ვფიქრობ, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას და ალბათ, 90%-ით გავაკეთებ”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ცნობისთვის, გოგი წულაია თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, თუმცა, დამნაშავედ ცნეო 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მისი ადვოკატის ვალერი გელბახიანის განმარტებით, ვინაიდან მას ოთხი თვე უკვე მოხდილი აქვს საპატიმროში, დარჩენილი აქვს ორი თვე.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გოგი წულაიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ის ნაწილობრივ გამართლდა, არ ეთანხმება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.