(ACCnews) “ნოეს კიდობნად” ქცეულ ,,აზოვსტალის” ქარხანას ქართველი ხელმძღვანელი ჰყავს.
“აზოვსტალის” გენერალური დირექტორი 1961 წელს ლუგანსკში დაბადებული ქართველი, ენვერ ცქიტიშვილია.
“აზოვსტალის” ქარხანას ის 2011 წლიდან ხელმძღვანელობს.
2002 -2006 წლებში ის იყო უკრაინის რადას დეპუტატი.
შეგახსენებთ, მარიუპოლი იქცა უმძიმესი და გმირული ბრძოლის ველად. “აზოვსტალის” ქარხნის ბუნკერში, რომელიც გუშინ ოკუპანტი რუსეთის არმიამ დაბომბა, ასეულობით მშვიდობიან მოქალაქე აფარებს თავს. აზოვის მებრძოლები საწარმოს დაბომბვის ქვეშ აგრძელებენ სამშობლოსთვის ბრძოლას.
“აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი ერთ-ერთი უდიდესი იყო ევროპაში. იგი ჯერ კიდევ 1933 წელს ამოქმედდა და თუჯის ჩამოსხმასთან ერთად, სატანკო ჯავშნის ფილებსაც ამზადებდა.
მარიუპოლი აზოვის ზღვაზე მდებარე საპორტო ქალაქია, რომელსაც თვეზე მეტია რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. ყველაზე მძიმე სურათი მარიუპოლშია, სადაც მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. დაღუპულების ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება. მარიუპოლის მერი და მისი მოადგილე აცხადებენ, რომ ქალაქში არსებული ვითარება გაუსაძლისია და მოქალაქეები გაუწყლოებით იღუპებიან.
მარიუპოლი მდებარეობს დონბასის რეგიონში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერილი სეპარატისტები რვა წლის განმავლობაში ებრძვიან უკრაინის სამხედროებს. ქალაქის დაკავება რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულზე სახმელეთო დერეფანს მისცემს.