Saturday, January 28, 2023

გენპროკურორი და აშშ-ის ელჩი ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ

მთავარი
(ACCnews) გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურის პრესცენტრი ავრცელებს.
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძე, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი, პროკურატურის, აშშ-ის საელჩოს, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის და ტრენინგში მონაწილე სტუდენტებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, კერძოდ, რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ვინ შეიძლება იყოს მსაჯული და ზოგადად, რა როლს ასრულებს ინსტიტუტი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
გენერალური პროკურორის თქმით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტებთან მუშაობა, მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლა და სხვადასხვა საკითხებზე ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაში მონაწილეობა პროკურატურისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესია, ამრიგად, უწყება ყოველთვის მზადაა დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს მსგავსი ტიპის აქტივობაში.
„პროკურატურის კარი ღიაა ყველა ახალგაზრდა იურისტისთვის, რომელთაც შეუძლიათ სტაჟირების გზით დასაქმდნენ საქართველოს პროკურატურის სისტემაში. პროკურორები, რომელთაც აქ ხედავთ, საქმიანობა სწორედ სტაჟირებით დაიწყეს და მათ შორის მეც. შესაბამისად, ბედნიერი ვიქნები, თუ თითოეულ თქვენგანს ვიხილავ პროკურატურის თანამშრომლად“ – მიმართა სტუდენტებს ირაკლი შოთაძემ.
აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამაყით უჭერს მხარს აღნიშნულ ტრენინგს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარების გაუმჯობესებას ემსახურება და ასევე, მოქალაქეებსა და სასამართლო სისტემას შორის ყველაზე ძლიერ კავშირს წარმოადგენს.
“მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ სამართლის სტუდენტების ახალ თაობას, რომლებიც სწავლობენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნარებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამართლიანობის აღსრულება უზრუნველყონ. მადლობას ვუხდით პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, მოსამართლეებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და დაუთმეს დრო ამ სასწავლო სასამართლო პროცესის ჩატარებას“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.
პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით, კამპანია ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩატარდა, რაც ასევე მათ მიერვე პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავდა.
სწავლების პროცესში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. იმიტირებულ სასამართლო პროცესებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები უძღვებოდნენ. ამასთან, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმა.
ღონისძიების ფარგლებში, ტრენინგის ორგანიზატორებმა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინეს, მათ შორის – საუკეთესო მოწმე, საუკეთესო გამომსვლელი, ასევე, საუკეთესო პროკურორთა და ადვოკატთა გუნდები. გამარჯვებულ სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.
კამპანია ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მეტი:   საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img