(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ სამ რუსულ სამთავრობო ტელევიზიასა და გაზპრომბანკის 27 აღმასრულებელ ხელმძღვანელს სანქციებს უწესებს.
შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “დიდი შვიდეულის” ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
ხოლო როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალი სანქციების თანახმად, ამერიკელებს ეკრძალებათ რუსი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდება. სანქცირებულ ტელევიზიებს შორის არის Россия 1, Первый канал Россия და НТВ.
“ეს არ არის სრულად დაბლოკვა, ჩვენ არ ვყინავთ გაზპრომბანკის აქტივებს და არ ვკრძალავთ რაიმე სახის ტრანზაქციებს მასთან. ჩვენ მივანიშნებთ, რომ გაზპრომბანკი არ არის უსაფრთხო თავშესაფარი”, – ამბობს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულთა სიაში მოხვდა Sberbank-ის 8 აღმასრულებელი ხელმძღვანელიც, რომლებიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობენ. სიაში მოხვდა მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი და მისი შვილობილი 10 კომპანია.
ინფორმაციისთვის, გაზპრომბანკის ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები პირველი ზომებია, რომლებიც გაზის ექსპორტიორ გიგანტზე დაწესდა.