(ACCnews) ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას “ერთად ევროპისკენ” სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს შეკრება ოპოზიციის არასწორი ქმედებების გადასაფარად მოეწყო.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად ყველაფერს აკეთებს და საზოგადოებას პროტესტი მხოლოდ მაშინ გაუჩნდება, როცა ეს პროცესი შეჩერდება.
“როცა მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ენმ და მისი მოკავშირეები ანტი-ევროპული, ფსევდოდასავლური ძალები არიან და ეს აქცია მხოლოდ ევროსტრუქტურებში მავნე საქმიანობის გადასაფარად მოაწყვეს, აქციის ორგანიზატორთა გვერდით არ დადგა.
ყველა ყველაფერს ხედავს. EPP-ს სხდომაზე მელიას გამოსვლა, ენმ-ის მომზადებული რეზოლუციის გამოქვეყნება და უამრავი სხვა ფაქტი, ლუსტრაცია იყო. ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ იანუკოვიჩის ვარიანტს გაათამაშებთ.
ხალხი გააპროტესტებს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეაჩერებს ინტეგრაციის პროცესს. იანუკოვიჩისგან განსხვავებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ისიც ყველამ გაიგო, რომ ტრიოს ორი ქვეყნისგან განსხვავებით, კონსტიტუციით ზუსტად ამ საპარლამენტო უმრავლესობამ გაამყარა. ასევე ისიც გაიგო ყველამ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ, მკაფიოდ გაცხადდა, რომ 2024 წელს განაცხადს შეიტანდნენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, როცა ამ თემაზე არავინ საუბრობდა,”– წერს სალუქვაძე.
სალუქვაძე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ დანაშაულის მთელი კასკადი სწორედ იმ როს ხდებოდა, რასაც, მისი თქმით, დასავლურ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანამ ახლა კანდიდატის სტატუსი არ მიიღო, ეს ევროკავშირის გაუგებარი გადაწყვეტილება იქნება.
“და ბოლოს, ყველას ახსოვს, რომ ადამიანთა უფლებების შელახვა, ბიზნესის ტერორი, კერძო საკუთრების უხეში ხელყოფა და სხვა, ზუსტად წინა ხელისუფლებას ახასიათებდა, რასაც დასავლურ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს.
დღევანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმაც კი დაინახეს ვინ გააფორმა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და სხვა. ეს ხომ მირაჟი არაა?!
ამ თვეებშიც, ვიზიტი ვიზიტზე იყო ბრიუსელში, სტრასბურგში, სხვა ქალაქებშიც, ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის დასადასტურებლად.
ასე რომ, თუ ვერ მივიღებთ სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერების გაუგებარი გადაწყვეტილება. ვერ მივიღებთ ახლა, მივიღებთ ხვალ, ზეგ… რაიმე ალტერნატივა გვაქვს?
ხალხი ბრძენია… ვინც დღეს აქციაზე მოვიდა, უბრალოდ თქვენი აქტივია და არა ევროკავშირის წევრობის მსურველები. მათი ნაწილი, შესაძლოა, გულწრფელია, თუმცა მოსახლეობა დღეს არ მოვიდა თქვენს გამო, იმის მიუხედავად, რომ აქციაზე სააკაშვილი არ გიხსენებიათ, გასაგები მიზეზის გამო, ხალხი არ დაგეფრთხოთ.
ჰო, სადაც ნაცმოძრაობაა, ყველა თემა უფასურდება. უკრაინასთანაც გააფუჭეთ ურთიერთობები. ახლა ევროსკეპტიკოსებს ამრავლებთ ქვეყანაში. ვის საქმეს აკეთებთო, შეკითხვა ლოგიკური იყო,”– წერს ამირან სალუქვაძე.