(ACCnews) ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვა პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გახსენებით დაიწყო და განაცხადა, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიაზე წასვლის ხარჯები ე.წ. პიჯაკების საქმეშია შეტანილი, რასაც “აბსურდის თეატრს” უწოდებს.
როგორც სააკაშვილმა პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლება მისთვის პატიმრობის ვადის გაგრძელებას სწორედ ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე წასვლის გამო აპირებს.
“ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. დღემდე ყველა პოლონელს ახსოვს, როგორ ჩავედი კაჩინსკის გასვენებაში. მე ვიყავი ერთადერთი არა ოჯახის წევრი, ვინც დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ეს ეპიზოდი ჩადებულია პიჯაკების საქმეში და აპირებენ 11 წელი მომისაჯონ. ამაზე დიდი აბსურდის თეატრი მსოფლიოში იშვიათად თუ ვინმეს უნახავს. ლეხ კაჩინსკის ძეგლებს უხსნიან და მე დაკრძალვაზე ჩასვლის გამო მიპირებენ, რომ პატიმრობის ვადა გამიგრძელონ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი პარალელს უკრაინის პრეზიდენტთან ავლებს და ამბობს, რომ ისეთივე აბსურდია მის მიმართ წაყენებული ბრალი, როგორიც იქნებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე წელიწადში მაისურის გამო ბიუჯეტის თანხის გაფლანგვა მოედაონ.
”მე გავზარდე ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის გაფლანგვას მედავებიან. როგორც სცენარისტმა მითხრა, ზელენსკიმ ფილმი მეტწილად დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე და წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელიწადში ზელენსკის რომ უთხრან, მერე რა რომ შენი ქვეყანა გადაარჩინე, მაისური რომ გეცვა, ის არის ფულის გადახარჯვა”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დიდი ოდენობით – – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.