(ACCnews) რუსმა დამპყრობლებმა საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცები ხერსონის ნაგავსაყრელზე დაწვეს. ამის შესახებ The Guardian თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ხერსონის ოკუპაციის დროს დამპყრობლებმა მკაცრად შეზღუდეს წვდომა ქალაქის ნაგავსაყრელზე.
რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა The Guardian-ს განუცხადა, რომ შემაშფოთებელი საიდუმლოების მიზეზი ის იყო, რომ საოკუპაციო ძალები საშინელ ახალ ამოცანას ასრულებდნენ იქ: თავიანთი ძმების ცხედრების გადაყარეს და დაწვეს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, რუსული ღია სატვირთო მანქანებით ნაგავსაყრელზე რეგულარულად მოჰქონდათ შავი ჩანთები, რომლებსაც შემდგომ ცეცხლს უკიდებდნენ, იქიდან კი სქელი კვამლი და დამწვარი ხორცის სუნი გამოდიოდა.
„ყოველთვის, როცა ჩვენი არმია რუსებს ესროდა, გარდაცვლილები ნაგავსაყრელზე მოჰქონდათ და წვავდნენ“, – ამბობს ხერსონის მკვიდრი 40 წლის ირინა.
The Guardian აღნიშნავს, რომ ნაგავსაყრელზე ჯერ კიდევ ბევრი რუსული დროშა, ჩაფხუტი და სამხედრო ფორმაა ნაპოვნი.
შეგახსენებთ, ხერსონი რუსებმა მარტის დასაწყისში აიღეს. 11 ნოემბერს კი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქი კონტროლის ქვეშ დაიბრუნეს.