(ACCnews) ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ლატვია საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და მისთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ედგარს რინკევიჩის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია და ყველაზე პრიორიტეტულია ნატოს ახალ კონცეფციაში ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკის ასახვა.
“ახლა ვმუშაობთ ფინეთისა და შვედეთის სწრაფად გაწევრიანებაზე. მე აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებ ანკარასთან, სტოკჰოლმთან და ჰელსინკიში. მე მაქვს იმედი, რომ ეს საკითხები მალე გადაწყდება და რაც მთავარია, მოგვარდება მადრიდის სამიტამდე,”- დასძინა მან.
მისი თქმით, ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოსთვის.
“ევროკავშირში და ნატოში ახალი წევრის მიღებას კონსენსუსი სჭირდება. საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე დღეს 30 წევრ ქვეყანას შორის თანხმობა არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვამბობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ახალ კონცეფციაში ღია კარის პოლიტიკაზე აქცენტი. უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა რინკევიჩმა.