(ACCnews) კიევის და უკრაინის მსხვილი ქალაქების დაბომბვას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენ დედაქალაქს ხვდება. ისინი არც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ. ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევადად ანადგურებენ არის რუსეთის მომავალი – გლობალურად საზიზღარი თაღლითი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი“, – წერს ოლექსეი რენიკოვი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, დილიდან იბომბება კიევი. აფეთქებების ხმა ისმის ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.
უკრაინის დედაქალაქში სარაკეტო იერიშების შედეგად გარდაცვლილია რვა ადამიანი, დაშავებულია 24.
ადილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს სლავიანსკზეც. სარაკეტო იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი უბნები გახდა. ავიაიერიში განხორციელდა ლვოვზეც. ქალაქში მასიური თავდასხმების გამო, სკოლები დაიხურა და შეფერხებები იყო მობილურ ქსელებში. ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის დაბომბვის შესახებაც.
პარალელურად, აფეთქებების ხმა ისმის დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში. უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნულ ქალაქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.