(ACCnews) რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა კანადაში ვეღარ შევლენ. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მარკ მენდიცინომ Twitter-ზე განაცხადა.
„პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას და ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობას დავაყენებთ მის დანაშაულებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ, რომ ავუკრძალავთ დაახლოებით 1000 პირს – მათ შორის პუტინსა და მის თანამზრახველებს – კანადაში შესვლას“, – წერს მენდიცინო.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.