(ACCnews) The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრის ტაქტიკას ცვლის.
მანამდე, აშშ და მისი მოკავშირეები, დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებდნენ რომ პუტინის მთავარი მიზანი კიევის აღება და ზელენსკის მთავრობის პრორუსული რეჟიმით ჩანაცვლება იყო.
“თუმცა, ვინაიდან, ომიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა და ეს მიზნები ვერ შესრულდა, პუტინი იძულებულია ტაქტიკა შეცვალოს,”- წერს WSJ.
ახალი გეგმით, რუსეთი შეეცდება აიძულოს კიევი, დათმოს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები. მათ შორის, ქალაქი მარიუპოლი.
რუსეთის მიზანია, დააკავშიროს ერთმანეთთან 2014 წელს მიტაცებული ყირიმის ნახევარკუნძული და დონეცკი და ამით გააძლიეროს რუსული კონტროლი დონბასზე.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თუკი უკრაინა ამ პირობებს და ასევე ნეიტრალიტეტს არ დათანხმდება, რუსეთი შეეცდება კონტროლი შეინარჩუნოს უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე და განაგრძოს ომი,
“ჩვენი სამხედრო შეფასებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, პუტინი უბრუნდება ალყის ტაქტიკას”, – ამბობს აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
გამოცემის თანახმად, თუკი, რუსი სამხედროების ქმედებები წარმატებული იქნება, მერე უკვე კიევი დადგება დღის წესრიგში.