(ACCnews) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზით ვაჭრობის წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
განკარგულების მიხედვით, ასეთი ქვეყნები ანგარიშსწორებას რუბლებში მოახდენენ, ამისთვის კი რუსეთისგან გაზის შესაძენად რუსულ ბანკებში ანგარიშები უნდა გახსნან.
„ამგვარი ქვეყნებიდან კონტრაგენტებს ვთავაზობთ გასაგებ და გამჭვირვალე სქემას. რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში. სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება ხვალიდან, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა საავიაციო სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით თათბირის გახსნისას განაცხადა.
მედიის ცნობით, ახალი წესები პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა „გაზპრომს“, ცენტრალურ ბანკსა და მთავრობას დაავალა, 31 მარტამდე გაუწიონ ორგანიზება „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის მიწოდების სანაცვლოდ ანგარიშსწორების რუბლებში გადაყვანას. რუბლებში გაზის საფასურის გადახდაზე უარი განაცხადეს „დიდ შვიდეულში“.