(ACCnews) CNN-ი გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინი “პრინციპში” გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციას დასთანხმდა.
როგორც CNN-ი იუწყება, აღნიშნული საკითხი ვლადიმერ პუტინმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.
“გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაიმეორა გაეროს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და მათ [გუტერეშმა და პუტინმა] განიხილეს ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები,” – აღნიშნულია გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციის თანახმად, აზოვსტალის ქარხანაში, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფება.