(ACCnews) ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერგეი ლავროვის ებრაელებთან დაკავშირებული განცხადების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა.
როგორც ადგილობრივი მედია ნაფტალი ბენეტის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტის ბოდიში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, როცა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაელობა არ გამორიცხავს მის ქვეყანაში ნაცისტურ ელემენტებს. მოგვიანებით კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი უკრაინაში ნეონაცისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისრაელის მოქალაქეები უკრაინაში ულტრანაციონალისტური “აზოვის“ ლეგიონის მხარდამხარ იბრძვიან.
“ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენმა ებრაელმა ხალხმა თქვა, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ისრაელის ხელისუფლებამ მალევე დაგმო და მას უპატიებელი და აღმაშფოთებელი უწოდა.