(ACCnews) “რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს,” – ინფორმაციას CNN აშშ-ისა და დასავლელი ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
9 მაისს ომის ოფიციალური გამოცხადებით, რუსეთის კანონმდებლობა საშუალებას მისცემს პუტინს, მოახდინოს სარეზერვო ძალების მობილიზება და წვევამდელების გაწვევა.
„ვფიქრობ, პუტინი შეეცდება გადაინაცვლოს თავისი “სპეციალური ოპერაციიდან“. ის აყალიბებს საფუძველს იმისთვის, რომ შეძლოს თქმა: “ნახეთ, ეს ახლა ომია ნაცისტების წინააღმდეგ და რაც მე მჭირდება, არის მეტი ხალხი, მეტი საზარბაზნე ხორცი,“- განუცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა LBC Radio-ს.
საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „დიდი ირონიაა, თუ მოსკოვი „გამარჯვების დღეს“ ომის გამოსაცხადებლად გამოიყენებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვისგან 9 მაისამდე მეტს გავიგებთ“, – დასძინა პრაისმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უფრო მეტს გაიგებთ შეერთებული შტატებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ნატოს პარტნიორებისგან, ასევე 9 მაისამდე,“- აღნიშნა ნედ პრაისმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 69 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 5 მილიონზე მეტი ლტოლვილი. უკრაინაში შეღწევის გამო მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
რუსეთის ოფიციალური პირები დღემდე ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ “სპეციალური სამხედრო ოპერაციაა”, რომლის მთავარი მიზანი უკრაინის “დენაციფიკაციაა”.