(ACCnews) შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მოსკოვისა და მინსკის ურთიერთქმედებას რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომში, მათ შორის ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული ძალების განლაგების საკითხთან დაკავშირებით. ასე ეხმაურება თეთრი სახლის პრესმდივანი კარინე ჟან პიერი პუტინის მინსკში ვიზიტს.
„ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ ბელორუსის როლით რუსეთის აგრესიაში“, – განაცხადა აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინსკის რეჟიმმა კრემლს ნება დართო ომი ეწარმოებინა უკრაინის წინააღმდეგ მისი ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს თავისი ჯარების პლაცდარმად.
„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიერ ძალის გამოყენების სტრატეგიის მჭიდრო მონიტორინგს. ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ვაგრძელებთ, მათ შორის ბელორუსიაში“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მჭიდრო კავშირშია უკრაინასთან, რომელიც ახლა რუსეთის აგრესიის ქვეშაა.
ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მინსკში გუშინ ჩავიდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო მიიჩნევს, რომ პუტინს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს ლუკაშენკოზე, რათა დათანხმდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელორუსის ჯარების გაგზავნას. თუმცა ბელორუსის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმის დიდი სურვილი არ აქვს.