(ACCnews) პენტაგონი ვერ ადასტურებს ცნობებს, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაჰქონდეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, ლორა კუპერის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები ისეთს ვერაფერს ამჩნევენ, რომ ამერიკამ საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალოს.
„ვფლობ მხოლოდ ღია წყაროებით არსებულ ინფორმაციას“, – განაცხადა ლაურა კუპერმა.
მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდის შესაძლო მომზადების შესახებ.
იტალიური გამოცემის La Repubblica-ს ცნობით, ნატოს დაზვერვამ, სავარაუდოდ, გააფრთხილა მოკავშირეები რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით აღჭურვილი სუპერ-ტორპედოს პოსეიდონის შესაძლო გამოცდის შესახებ.
The Times-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ გეგმავს ბირთვული იარაღის გამოცდას უკრაინის მახლობლად – ამისათვის მან ეგრეთ წოდებული “ბირთვული მატარებელი” გაგზავნა ფრონტის ხაზისკენ.