(ACCnews) თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო. – შესაბამისი განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ “მინისტრის საათის” ფორმატში საუბრისას აღნიშნა, რომ ნატოს მიერ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები უმაღლესი ქულით შეფასდა.
„ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატოს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. ნატოს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი/კონტრიბუცია ნატოსთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც. აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია ნატო-ს ხარისხის მართვის სისტემასთან”. ასევე, სკოლა განხილულ იქნა, როგორც როლური მოდელი, რომლის მიერ დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკები, მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნეს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსი ინსტიტუტებისთვის. DIB სკოლა დღეიდან საქმიანობას განაგრძობს როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ნატომ 6-წლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.