(ACCnews) აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს. ამის შესახებ მან აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე კანონმდებლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კანონმდებლების კითხვებს უპასუხა გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარემ გენერალმა, მარკ მილიმაც. შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, მილიმ თქვა, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა,“ სადაც სამხედროების როტაცია მოხდება.
„მე მჯერა, რომ ბევრი ევროპელი მოკავშირე, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი და სხვები ძალიან, ძალიან მოსურნენი არიან მუდმივი ბაზების შექმნისა. ისინი მათ ააშენებენ, მათთვის გადაიხდიან“. – თქვა გენერალმა.
კონგრესმენებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მწვავე კითხვები დაუსვეს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ვაშინგტონმა მოსკოვის შეკავება. ოსტინმა და მილიმ, აღნიშნულზე საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათი აზრით ამის გზა ადგილზე ამერიკული სამხედროების განთავსება იყო, თუმცა ეს ქმნიდა რისკებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების.
კომიტეტში გამოსვლისას, ამერიკის თავდაცვის წამყვანმა პირებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად შეიარაღების კუთხით უპირატესობისა, რუსეთმა ვერ მოახერხა მისი უნარების ეფექტური გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და მოუწიათ, უკრაინის მოულოდნელად მტკიცე თავდაცვასთან გამკლავება.
ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.