(ACCnews) გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში ადამიანების 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იქნება, თუ ომი ერთი წელი გაგრძელდება.
ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შედეგად, საწარმოების ნახევარი დაიხურა, მეორე ნახევარი კი სირთულეებს განიცდის.
გაეროს მიაჩნია, რომ თუ ომი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება, შესაძლოა ბოლო ორი ათწლეულის ეკონომიკური მიღწევები დაიკარგოს და მოსახლეობის 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დაეცეს.
შეგახსენებთ, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, მან უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა უკრაინის “დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას”.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.