(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა BBC-თან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას ამ დრომდე ცდილობენ.
არესტოვიჩის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ოთხჯერ გაისროლეს პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამასთან, როგორც მან ინტერვიუში თქვა, თავად ისიცაა “ჩამოსაშორებელთა” სიაში.
“თქვენი მონა-მორჩილი, სხვათა შორის, პირველ ხუთეულშია. ეს ინფორმაცია ოპერატიულ მონაცემებს ეყრდნობა. ვინაიდან მოლაპარაკებათა პროცესი მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, საიდანაც ვიდეოკავშირით მიმდინარეობს პროცესი – ნიშნავს საკუთარი თავისთვის ყველა გზის მოჭრას მოლაპარაკებებში. თუკი მოლაპარაკება არ იქნება – ეს უკვე სრულიად სხვა ვითარებაა,” – განაცხადა არესტოვიჩმა.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 34 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.