(ACCnews) აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია საგადასახადო დანაშაულში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნიუ-იორკში ნაფიც მსაჯულთა ორდღიანი განხილვის შემდეგ, ტრამპის კომპანიები Trump Corporation და Trump Payroll Corp წაყენებულ ჩვიდმეტივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
საუბარია კომპანიების მიერ ტოპ-მენეჯერებისთვის არაოფიციალური შეღავათებით უზრუნველყოფაზე, როგორებიც არის: ძვირად ღირებული ავტომობილები, ძვირად ღირებული სკოლების გადასახადები. ამით კომპანიები აკომპენსირებდნენ შედარებით დაბალ ხელფასებს და ამცირებდნენ გადასახადების ჯამს, რომელიც უნდა გადაეხადა.
კომპანიას დაახლოებით 1,6 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს. სასამართლო პროცესის დროს არც ტრამპი და არც მისი ოჯახის წევრები ბრალდებულები არ ყოფილან.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის „კუდიანებზე ნადირობა“. ყოფილი პრეზიდენტის იურისტთა ჯგუფი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.