(ACCnews) მოლდოვის ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკუ პოპესკუს განცხადებით, მოლდოვა ახალი საშიშროების წინაშე დგას. მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პოპესკუს თქმით, თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში აფეთქებების შემდეგ გარკვეული ძალები დაძაბულობის გამწვავებას ცდილობენ.
თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე ყუმბარებით თავდასხმა წარმოადგენს „რეგიონის ისტორიაში ძალიან საშიშ ახალ მომენტს“.
„ჩვენ კონკრეტულად ვერ მივუთითებთ ან ვერ დავადანაშაულებთ ვინმეს, თუმცა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ნამდვილად, რეგიონის შიგნით არიან გარკვეული ძალები, რომლებიც მუშაობენ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე“, – აცხადებს პოპესკუ.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, დნესტრისპირეთის დეფაქტო ხელისუფლებამ გასულ კვირას ბრძოლისუნარიანი ასაკის ყველა მამაკაცს რეგიონის დატოვება აუკრძალა, რაც, მისი თქმით, არის ნიშანი იმისა, რომ „ჩვენ ჯერ კიდევ არ გავსულვართ პოტენციური საშიში ზონიდან“.
როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, იზრდება იმის საფრთხე, რომ მოლდოვა დნესტრისპირეთის რეგიონით შესაძლოა, ჩათრეულ იქნას უკრაინის კონფლიქტში.
მოლდოვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დნესტრიპირეთის რეგიონს 1992 წლიდან პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. გასულ კვირას რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინაზე კონტროლის მოპოვება დაეხმარება რუსეთს დნესტრისპირეთთან დაკავშირებაში.