(ACCnews) რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის დამნაშავედ ცნეს. სხდომა მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოში გაიმართა.
„ნავალნიმ ჩაიდინა თაღლითობა, მოტყუების გზით მიითვისა სხვისი ქონება“, – ნათქვამია განაჩენში, რომელიც მოსამართლე მარგარიტა კოტოვამ წაიკითხა.
ნავალნი ასევე დამნაშავედ ცნეს სასამართლოს მიმართ ღიად გამოთქმული უპატივცემულობის გამო.
სასჯელი განაჩენის დასკვნით ნაწილში მას შემდეგ განისაზღვრება, რაც სასამართლო საქმეზე შეგროვებულ მტკიცებულებებს შეაჯამებს.
ცნობისათვის, სისხლის სამართლის საქმეები ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ 15 თებერვალს ლეფორტოვოს სასამართლომ დაიწყო. ოპოზიციონერს ბრალად ედებოდა „განსაკუთრებით მსხვილი თაღლითობა“ და სასამართლოს უპატივცემულობა. „თაღლითობის საქმე“ 2020 წლის ბოლოს გაიხსნა.
ბრალდება მისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
გამომძიებლების თქმით, ალექსეი ნავალნიმ და მისმა გუნდმა პირადი მიზნებისთვის დახარჯა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობის სახით შეგროვდა პოლიტიკოსის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდისა და ნავალნის შტაბ-ბინის ქსელის საქმიანობისთვის.