(ACCnews) საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, საჯარო ფიგურების რეიტინგში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს. ხოლო, გამოკითხულთა 84% ქართულ ჯარზე კარგი აზრისაა, პოლიცია კი გამოკითხულთა 63%-ს მოსწონს.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მუშაობას, გამოკითხულთა 61%-ს ის მოსწონს, ხოლო მისი მუშაობით 34% უკმაყოფილოა.
ამასთან, IRI მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% სრულად, ხოლო 14% ნაწილობრივ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60% სრულად, ხოლო 15% ნაწილობრივ ემხრობა NATO-ში გაწევრიანებას. 4% ნაწილობრივ, ხოლო 6% სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 43%-ი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი სარგებელი ეკონომიკის გაძლიერებაა, ხოლო NATO-ს შემთხვევაში, 31% მიიჩნევს, რომ უსაფრთხოება. საზოგადოების 28%-ის აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი დაბრკოლება პოლიტიკური არასტაბილურობაა. NATO-ს შემთხვევაში 32% თვლის, რომ დაბრკოლება რუსეთია.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით